10/02/2026
შეიძლება ზოგმა იფიქროს, რომ ახლა ამის დრო არაა, მაგრამ ჩვენი აზრით, შვილებზე ზრუნვა დროის მიღმაა, ხოლო კულტურული წინსვლა, ჩერჩილისა არ იყოს, ის საკითხია, რისთვისაც იბრძოდნენ და იბრძოლებენ მოწინავე და მოაზროვნე ადამიანები. ზუსტად ერთი წლის წინ გამოვაქვეყნეთ ეს ტექსტი და როგორც ჩანს, ყოველ წელს უნდა ვიმეოროთ, რომ როგორმე მივაწვდინოთ ხმა შვილების ჯანმრთელობასა და მომავალზე მზრუნველ მშობლებს, რომ არ შევიდნენ შეცდომაში და არ აყვნენ რეკლამას და ფულს გამოკიდებულ ვაიპედაგოგებს და სტუდიებს.
“პუბერტატის ასაკი, გარდატეხის ასაკი, მუტაციის პერიოდი - რა სახელიც არ უნდა დავარქვათ, პრობლემა ერთია - ადამიანის ზრდისა და განვითარების პროცესში დგება პერიოდი, ასაკი, დაახლოებით 11-15 წელი (ზოგჯერ უფრო ხანგრძლივიც და ზოგჯერ პირიქით), როდესაც ფიზიოლოგიურად იცვლება და ყალიბდება ხორხი, სახმო იოგები, ჯირკვლები, ხრტილები და ა.შ. სახმო იოგები ზომას იცვლის, განსაკუთრებით ბიჭებში და ამ დროს, სწორედ ამ ფიზიოლოგიური განვითარებისა და ცვლილებების პერიოდში სახმო იოგების უხეში და ძალისმიერი გამოყენება, ანუ სიმღერა-ყვირილი აბსოლუტურად დაუშვებელია.
ნოდარ ანდღულაძემ გასული საუკუნის 70-იან წლებში, სწორედ ამ პრობლემის მოგვარების მიზნით ჩამოაყალიბა კონსერვატორიასთან არსებული ბავშვთა ხმების დაცვის სკოლა - ექსპერიმენტული სკოლა, რომლის მიზანიც იყო ნიჭიერი ბავშვების ხმები პუბერტატულ ასაკამდე მისულიყო შესაბამისად მომზადებული, რომ შემდგომ ეს ზემოაღნიშნული პერიოდი გაევლოთ შედარებით უმტკივნეულოდ და შედეგად ზრდასრულ ასაკში მიგვეღო ჯანმრთელი და შენახული ხმა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ მაესტროს ჩანაფიქრმა გაამართლა და ახლა არ ჩამოვთვლი საქვეყნოდ ცნობილ გვარებს მაგალითისთვის. შემდგომში სხვადასხვა მიზეზების გამო ექსპერიმენტული სკოლის მემკვიდრედ გამოცხადდა ამჟამინდელი ე.მიქელაძის სახელობის თბილისის სამუსიკო სასწავლებელი, რომელმაც აიღო ვალდებულება გააგრძელოს ნოდარ ანდღულაძის მიერ დაწყებული საქმე. აქვე აუცილებლად უნდა ითქვას, რომ თვით ანზორ ერქომაიშვილიც კი ხშირად მიდიოდა ნოდარ ანდღულაძესთან კონსულტაციაზე სწორედ მუტაციის პერიოდის მშვიდი და უმტკივნეულო გადალახვისთვის ბიჭუნათა ანსამბლ “მართვეს” ბიჭებისთვის და ორივე ეს ბუმბერაზი ადამიანი აუცილებლად ითვალისწინებდა იმ დროისთვის საუკეთესო ფონიატრების აზრს და გადაწყვეტილებას.
ამ სტატუსის დაწერის მთავარი მიზეზია, სწორედ მუტაციის პერიოდში ბავშვების, განსაკუთრებით ბიჭების ხმების უხეში ექსპლუატაცია პედაგოგებისა და მშობლების მხრიდან. ერთნი თავისი კარიერისთვის იყენებენ მათ, მეორენი - პოპულარულობისა და ფულისთვის.
ჩვენი ფონდი ვალდებულად თვლის თავს, პედაგოგებსაც და მშობლებსაც მოგიწოდოთ, მიგითითოთ, გირჩიოთ, რომ ნუ გამოიყენებთ უხეშად ნიჭიერი ბავშვების მონაცემებს და უნარებს, პუბერტატის ასაკში ვაცალოთ ორგანიზმს განვითარება და ჩამოყალიბება, ნუ გამოვაჭენებთ საჯაროდ ბავშვების ამ დროებით უძლურებას, მითუმეტეს სცენაზე ნუ გავაგდებთ მათ, რადგან ამ ასაკში ისედაც სტრესშია ორგანიზმი, კიდევ სიმღერას ვაიძულებთ მას, ანუ დამატებით სტრესში ვაგდებთ და თან კიდევ სცენაზე და საჯაროდ გაგვყავს.
ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ საგანგაშოა ის მდგომარეობა, რასაც დღესდღეობით ტელევიზიებით, თუ საკონცერტო სცენებზე, კონკურსებსა და ფესტივალებზე ვხედავთ და ვისმენთ.”