ქუჯი • KUJI

ქუჯი • KUJI გამოცხადებულია კონკურსი - "ერთი მეგრულენოვანი ლექსი" 🇬🇪
(1)

ლიტერატურული კონკურს-ფესტივალი "ქუჯი" დაარსდა 2019 წელს.

დამფუძნებელ-ორგანიზატორები:
ილია ერქვანია,
ნანა კვაშილავა,
ბესიკ გვაზავა,
დალი ჯორბენაძე.

რადიშ თორდია, ხატია სულაბერიძე, ლეო ანთაძე, ამირან ჯანჯღავა.ქ.თბილისი, ეროვნული სასახლე, 5 ივნისი, 2026 წელი.Radish Tord...
21/08/2026

რადიშ თორდია, ხატია სულაბერიძე, ლეო ანთაძე, ამირან ჯანჯღავა.

ქ.თბილისი, ეროვნული სასახლე, 5 ივნისი, 2026 წელი.

Radish Tordia ხატია სულაბერიძე antadze ამირან ჯანჯღავა

რადიშ თორდია - 90რადიშ თორდია ქ. აბაშაში, 1936 წლის 21 აგვისტოს, ტერენტი თორდიას და ვერა ჩოჩიას ოჯახში დაიბადა. იგი სამო...
21/08/2026

რადიშ თორდია - 90

რადიშ თორდია ქ. აბაშაში, 1936 წლის 21 აგვისტოს, ტერენტი თორდიას და ვერა ჩოჩიას ოჯახში დაიბადა. იგი სამოციან წლებში გამოვიდა შემოქმედებით ასპარეზზე. 1957 წელს დაამთავრა თბილისის იაკობ ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელი დ. ურუშაძისა და ვ. შერპალოვის ხელმძღვანელობით. 1963 წელს წარჩინებით დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტი, სადაც მისი პედაგოგები იყვნენ ცნობილი მხატვრები: ვასილ შუხაევი, სერგო ქობულაძე და უჩა ჯაფარიძე.

1962 წლიდან მონაწილეობდა რესპუბლიკურ, საკავშირო და საერთაშორისო გამოფენებში. მოსკოვში (1978, 1981), დამასკოში (1978), პრაღასა და პარიზში (1982), მადრიდში (1986), კიოლნში (1992), დრეზდენში (1996) თბილისში (2000), ჰამბურგში (2003), ნიუ-იორკსა (2004) და ვაშინგტონში (2005).

1977 წელს ოთხ ქართველ მხატვართან ერთად (ნანა მესხიძე, გივი ნარმანია, ზურაბ რაზმაძე და ბეჟან შველიძე) მონაწილეობა მიიღო მოსკოვში, სირიასა და ერაყში გამართულ გამოფენებში. მისი სურათები ასევე გამოფენილი იყო უნგრეთში, ჩეხოსლოვაკიაში, იუგოსლავიაში, სირიაში, ინდოეთში, ბელგიაში, საფრანგეთში, იტალიაში, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში.

მონაწილეობდა მოსკოვის სენეჟის შემოქმედებითი სახლის, დუისბურგის, ჰაველბერგის (გერმანია) ახალგაზრდა მხატვართა, ქ. დეჩნეს (იუგოსლავია) საერთაშორისო პლენერებში. იყო საქართველოს მხატვართა კავშირის მდივანი, ფერწერის სექციის თავმჯდომარე, გამგეობის ნევრი, სსრ კავშირის მხატვართა კავშირის მდივანი, გამგეობის წევრი, საქართველოს რუსთაველის სახელობის და სახელმწიფო პრემიების მიმნიჭებელი კომიტეტის წევრი, მრავალი საგამოფენო ჟიურის წევრი და თავმჯდომარე.

1979 წელს მიენიჭა საქართველოს დამსახურებული მხატვრის წოდება. 1980 წელს დაჯილდოვდა საქართველოს სახელმწიფო პრემიით. 1990 წელს მიენიჭა საქართველოს სახალხო მხატვრის წოდება. 1997 წელს დაჯილდოვდა ღირსების ორდენით. 2026 წელს გადაეცა პრემია "ქუჯი - ერთიანი საქართველოსთვის".

ფერადი სიბრტყეების მონაცვლეობითა და სხეულების ხაზობრივი რითმით, რადიშ თორდია ცდილობს დინამიურ - პლასტიკური კომპოზიციების შექმნას, სასურათო სიბრტყის პლანებად დაყოფით სიბრტყის დინამიურობა მართლაც მიიღწევა, მაგრამ ფიგურათა სტატიური პოზებითა და მანერულობით კიდევ უფრო ძლიერდება სურათის დეკორატიული საწყისი. კომპოზიციური სიცხადე, ლაკონურობა, მკვრივი, შეკრული სხეულები, გარემოსა და ფიგურის ორგანული კავშირი საერთოდ ახასიათებს რადიშ თორდიას ნამუშევრებს („ბურთის თამაში“ 1966, „მთებში“ 1972).

1970-იან წლებში რადიშ თორდიას შემოქმედებაში ერთგვარი ცვლილებები შეინიშნება, რაც მისი გამომსახველობითი ენის დახვეწაზე მეტყველებს. მის ძირითად ამოცანას სურათის ფერწერული გადაწყვეტა წარმოადგენს. წერის მანერა უფრო თამამი და თავისუფალი ხდება, მონასმი უფრო ფართო და ექსპრესიული, კარგად შეიმჩნევა მხატვრის თავისუფალი აზროვნება ცხოვრებისადმი, მისი ახლებური დამოკიდებულება. იგი სხვაგვარად აღიქვამს მთელ რიგ მოვლენებს, სადაც პოეტურ-ლირიულ მოტივის გაძლიერებით ფორმა უფრო მსუბუქი, ფერი უფრო მეტყველი ხდება. მისთვის ერთ-ერთ უპირველეს ამოცანას ემოციის, განწყობის გადმოცემა წარმოადგენს და მთავარი გამომსახველობითი მნიშვნელობა ფერს ენიჭება („სახლი“ 1974–1976, „მსახიობი ქალი ყვავილებით“ 1978, „მამლები“ 1979). იგი ხან კონტრასტული ლაქების დაპირისპირებით, ხან კი ნახევარტონებით იღებს ფორმას, თამამად დებს ერთმანეთის გვერდით წითელ, მწვანე, ლურჯ, ყვითელ ფერებს, რითიც მეტ ექსპრესიულობას და ემოციას ანიჭებს ნამუშევრებს. ცალკე აღნიშვნის ღირსია ამ პერიოდში შესრულებული ნატურმორტები, მხატვარი მთელ თავის ტემპერამენტს რომ ავლენს. თავისუფალ პასტოზური მონასმებით, ნახევარტონებისა და ტონების დაპირისპირებით იგი გამომსახველობის იმპრესიონისტულ გზას უახლოვდება. მხატვრული ხედვის მთლიანობა მას აიძულებს გამოსახულების სიბრტყობრიობა დაიცვას, მაგრამ ამით მეტი დამაჯერებლობა შესძინოს მათ. იგი ცდილობს მთლიანად გამოავლინოს გამოსახულებათა სიცოცხლის ძალა, და მეტი პერსონალურობა მიანიჭოს საგნებს („ნატურმორტი შანდლით“ 1972, „ნატურმორტი ვიოლინოთი“ 1973, „ცარიელი ბოთლები“ 1972, „ნატურმორტი თეთრი ხელსახოცით“ 1972). 1980-იანი წლების ნამუშევრებში, რადიშ თორდიამ თავისი შესაძლებლობების ახალი ფენომენი გამოავლინა, რამაც კიდევ უფრო გააძლიერა ინტერესი მისი შემოქმედებისადმი.

მხატვარი ხშირად შეგნებულად არღვევს კომპოზიციის წყობას, რის საშუალებითაც მეტი ექსპრესიულობა მიიღწევა ნახატში; თითქოსდა მოგონილი უწესრიგობით იგი ცდილობს ხასიათისა და ემოციის გაძლიერებას. ირეალურისა და რეალურის მჭიდრო ურთიერთობით მხატვარი ერთ პრიზმაში ათავსებს წარსულისა და თანადროულობის მოვლენებს. სიბრტყობრიობის ელემენტის შემოტანით იგი კიდევ უფრო ამძაფრებს დროის შეგრძნებას („ცირკი — მოგონებები ბავშვობაზე“ 1984, „მხატვარი“ 1982). რადიშ თორდიას გამოფენა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენაა ქართულ სახვით ხელოვნებაში, მის შემოქმედებაში კარგად აისახა ის ყოველდღიური განვითარების პროცესები, რაც თანამედროვე ხელოვნებას ახასიათებს.

რადიშ თორდიას ნამუშევრები დაცულია სანქტ-პეტერბურგის რუსულ მუზეუმში, კელნის ლუდვიგის მუზეუმში, სარდინიის სამხატვრო აკადემიაში, ნიუ-იორკის მუზეუმში, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის კერძო კოლექციებში. მისი ბიოგრაფია შესულია ცნობარებში: „ვინ ვინაა საქართველოში 2001–2002“, „ვინ ვინ არის საქართველოში“ (2006).

ის მიეკუთვნება XX საუკუნის სამოციანელთა პლეადას. მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა თანამედროვე ქართული ფერწერის განვითარებაში.

ჯილდოები:

1979 — საქართველოს სსრ დამსახურებული მხატვარი;
1980 — საქართველოს სსრ სახელმწიფო პრემია;
1990 — საქართველოს სსრ სახალხო მხატვარი;
1997 — ღირსების ორდენი;
2023 — თბილისის საპატიო მოქალაქე;
2026 — პრემია "ქუჯი - ერთიანი საქართველოსთვის".

Radish Tordia
საქართველოს კულტურის სამინისტრო
აბაშის მუნიციპალიტეტის მერია/City Hall of Abasha Municipality

გახსოვთ მხატვარი ტიტე შეყილაძე?(მალე "ქუჯის" გვერდზე დაიდება სიუჟეტი მხცოვან, 90 წლის მხატვარზე).📷 ფოტოზე: ტიტე შეყილაძე...
20/08/2026

გახსოვთ მხატვარი ტიტე შეყილაძე?

(მალე "ქუჯის" გვერდზე დაიდება სიუჟეტი მხცოვან, 90 წლის მხატვარზე).

📷 ფოტოზე: ტიტე შეყილაძე და ბესო გვაზავა.

🕖 ქ.თბილისი, 19 აგვისტო, 2026 წელი.

ბათუ დანელია - 76 🎂🍷
20/08/2026

ბათუ დანელია - 76 🎂🍷

💥 გამორჩეულ პოეტს, "ქუჯი 2020" -ის ლაურეატს, ბათუ დანელიას ვულოცავთ დაბადების დღეს 🎂🍷

ბათუ დანელია
პოეტი, მთარგმნელი

დაიბადა 1950 წლის 20 აგვისტოს, აბაშის რაიონის სოფელ ზანათში.
1987 წელს დაამთავრა მოსკოვის გორკის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტი.

1973-74 წლებში პირველი ლექსები გამოაქვეყნა. გამოცემული აქვს ლექსების 17 კრებული, მათ შორის: "ქალაქი ფრთებქვეშ" (1982), "წყნარი ქუჩა" (1986),"მარტოობის ზამთარი" (1997), "მთვარის დღესასწაული" (2003), "შეშლილი ვარსკვლავები" (2006), "მირაბილის ვიტა" (2008), "სიყვარული ბალასტია" (2013), “თოვლის ტენორი“ (2020).

1982 წელს მონაწილეობდა ლვოვის პოეზიის ფესტივალში.
ბათუ დანელია რუსული პოეზიის მთარგმნელია. გამოცემული აქვს იოსიფ ბროდსკის, ბორის პასტერნაკის, მარინა ცვეტაევას, ანა ახმატოვას, ალექსანდრ პუშკინის ლექსების თარგმანები. სხვადასხვა დროს თარგმნილი და გამოქვეყნებული აქვს გიომ აპოლინერის, ჰიუგო ფონ ჰოფმანსტალის, რობერტ ფროსტის, გოტფრიდ ბენის და სხვათა პოეზია.
მიღებული აქვს: პრემია „საბა“ (პოეტური კრებულისათვის „Mirabilis Vita“), ასევე, ვაჟა ფშაველას, გალაკტიონ ტაბიძის, ილია ჭავჭავაძის სახელობის “საგურამოს“ პრემიები. 2020 წელს მიენიჭა პრემია „საბა“, ლიტერატურაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის. არის „თავისუფალი ლიტერას“ ლაურეატი, ღირსების ორდენის კავალერი და აბაშის საპატიო მოქალაქე.

2020 წელს ბათუ დანელია 70 წლის იუბილესთან დაკავშირებით, კონკურსგარეშე დაჯილდოვდა "ქუჯი"-ს ფარგლებში დაარსებული ლიტერატურული პრემიით.
ის პოეტების ძველ თაობას მიეკუთვნება, მისი წვლილი ქვეყნის ლიტერატურული მემკვიდრეობის შენარჩუნებასა და განვითარებაში საკმაოდ დიდია, უამრავი ღირებული ტექსტის ავტორია.

⚜️მთაწმინდის წერილი მეტეხს

როდესაც გადათოვს მადათოვს,
თბილისმა სხვა საქმე გადადოს,
შეეშვას სათითე-სათათეს -
როგორც კი მადათოვს გადათოვს.
მტკვრისაკენ არ მისცე გზატატოს,
ვისთვისაც ვარამი ადათობს...
უთხარი, ფიქრები გადადოს...
ელოდოს თიბათვეს, მკათათვეს
და, გულში დაგროვილ წვათათვის,
დაზოგოს გაძლება ცხრადათვის...
არ მისცე, არ მისცე გზატატოს -
უთხარი, დარდები გადადოს,
როდესაც გადათოვს მადათოვს!
როდესაც მადათოვს გადათოვს!

⚜️წერილი მარგარეტს ფსიქიატრიულიდან

ჩემსავით ჩაგრულო, უცნობო მარგარეტ,
მომწერე ჩელსიდან, რომიდან, პრაღიდან!
მეც, როცა სიგიჟე მომივლის, ვხარხარებ
და მჯერა, რომ ჩემში სამყარო აყვირდა.
ცუდი რამ სრულებით არაა სიგიჟე -
ის, ზოგჯერ, მოუვლის მოცარტებს, ნიკიშებს...
ხიდიდან დაგიშვებს, კოცონთან მიგიშვებს,
ან შიშვლად გატარებს ჭკვიანთა ხრიგინში.
ფანჯრიდან - კოკორებს მიცინებს გარგარი,
ჭერიდან - ჩამომდის ნაკადი გველებად...
შენ როგორ განიცდი, რასა გრძნობ, მარგარეტ,
როცა ცას ღრუბლებში უტყდება ხველება!
მომწყინდა ამდენი კაფსული, აბიდა
ნეტავი, ვეღირსო სიცოცხლის ეპილოგს!
მსურს ჩემი ექიმი გავიდეს კაბიდან -
ამაზე მირტყამს და დამძახის: "დებილო!"
ქცევით და მოპყრობით მაბრაზებს ექთანიც,
მკივანა ფრჩხილები მოუჩანს ნემსებად...
ჭკვიანის ხალათქვეშ რომ მალავს - ეგტანი
გიჟია ჩემებრ და მალ-მალე ეგზნება...
მარგარეტ, ამათთვის საფრთხოა გიჟები,
ამიტომ ცდილობენ გვადარონ მკვდარქარებს...
მაგრამ თუ როდისმე ხელახლა ვიშვები,
უთუოდ შენ უნდა გესტუმრო, მარგარეტ!
შენ უნდა გეფერო, შენ უნდა გაგათბო -
ის სითბო სიკვდილის ბოლომდე გეყოფა...
ჭკვიანებს აშინებთ სიგიჟე - მაგათხომ
არ უწყით, რას ნიშნავს გრძნობათა მეფობა!
მარგარეტ, ძვირფასო, უცნობო მარგარეტ,
არა მცნობ და მაინც მგონია - ვერმიტან
და მაინც, ვიდრე ამ კედლებში ვხარხარებ,
მომწერე რიგიდან, ოსლოდან, ბერნიდან!

⚜️გზის გამყვანი

ჩემი თავიდან უნდა დამეწყო
გზის გაყვანა და გავსულიყავი
ისევე ჩემი თავის ბოლოში.
თურმე ჩემიდან უნდა დამეწყო!
აი, დღეს ვიწყებ გზის გაყვანას ჩემი თავიდან
და როდისმე გავალ ჩემი თავის ბოლოში,
ოღონდ ყველაფრის გავლით, რასაც კი
თუნდაც ერთხელ მაინც შევეხე:
მე ვარსკვლავების წინააღმდეგ
უსასრულობის რიკ-ტაფელა მითამაშია
და დამარცხება მომიგია...
მე კარგ სიზმრების სანახავად
ღამეები გამომიშიგნავს
მაგრამ არასდროს ჩავწოლილვარ
შიგნით, კმაყოფილ წრუწუნასავით...
სულ გზა გამყავდა და მოვდიოდი,
ოღონდ საიდან - საკვირველი სწორედ ესაა -
ჩემი ბავშვობა არ ყოფილა ისეთი კარგი,
რომ მოვდიოდე მე ბავშვობიდან...
მე მოვდივარ მარტოობიდან -
მარტოობა იყო ჩემი
მიწა ყველაზე მოსავლიანი,
სადაც ვრგავდი გიგანტ ყვავილებს
გვირილისხელა დედაჩემისთვის.
მარტოობა იყო ჩემი ის მუსიკა ულამაზესი,
სადაც ყურებზე ხახვს ვერ მაჭრიდნენ...
ღამით ჩემს ციცქნა საძინებელში
შემოდიოდა მთვარის ბაღი თვალუწვდენელი,
ხელში მარკ ტვენის "ტომ სოიერით"
და უნახავ და კარგ სიზმრებით
გაფოთლილი და აყვავებული,
მაგრამ - მარტო, მარტო ვიყავი!..
ღამის გუმბათზე უძინარი
დავდიოდი სიზმრის ფეხებით
და ჩამოვარდნის არ მშინებია,
რადგან სად უნდა დავვარდნილიყავ,
თუ არა ისევ მარტოობის ფაფუკ ლოგინში!
გზა კი გამყავდა, სულ გამყავდა,
გზა სინათლიდან სიბნელემდე
და სიკეთიდან ბოროტებამდე,
რომ მეშველა ვიღაცებისთვის,
მაგრამ იმას რას ვიფიქრებდი,
თუ ბომბეიდან ლონდონამდე
გვირაბის გათხრას დამაბრალებდნენ!
ჩემი თავიდან უნდა დამეწყო -
ჩემი თავიდან გამეყვანა გზა და ჩემივე
თავის ბოლოში გავსულიყავი.
და, ჰა, დღეს ვიწყებ გზის გაყვანას ჩემი თავიდან.

⚜️ყველაფერი რომ დაბრუნდეს უკან

რაც გაილია, რაც დაიხარჯა,
ყველაფერი რომ დაბრუნდეს უკან -
სად დაეტევა!?
სად დაეტევა ყვავილები,
მკვდრებისთვის სამარეში ჩაყოლებული,
შეყვარებულთა გაგზავნილი,
თუნდაც უპასუხოდ დარჩენილი, წერილები,
ტყვიით და მახვილით გაწვიმებული სისხლი -
სად დაეტევა,
ერთ დღეს ყველა რომ დაბრუნდეს უკან?!
სად დაეტევა ქანცი, ცხენებს რომ გავაცალეთ,
ბღავილი, ხარებს რომ დაკვლის წინ აღმოხდათ,
ყივილი, დღეს რომ გვითენებდა,
ცილი, ალალმართლებს რომ დავსწამეთ -
სად დაეტევა,
თუ ერთ დღეს ყველა დაბრუნდა უკან?!
სად დაეტევა ჩამდგარი ქარის მოტეხილი ფრთები,
ნაგვის მანქანებს გატანებული ნაძვის ხეები,
ლოზუნგებისთვის დახარჯული ქსოვილი,
გაუქმებული კლიტეები და გასაღებები -
სად დაეტევა,
ერთ დღეს ყველა რომ დაბრუნდეს უკან?!
სად დაეტევა ვნება, უქმად გადმოფრქვეული,
ქვით თავგაჭეჭყილი გველები,
მტრობის და ღალატის ნაყოფი,
სისხლის აღრევით ჩადენილი ცოდვანი -
სად დაეტევა,
თუ ერთ დღეს ყველა დაბრუნდა უკან?!
თუმცა რატომ "თუ"? -
ჩვენ ხომ აღვდგებით და დავბრუნდებით!
ისინიც ხომ აღდგებიან დასაბრუნებლად!
და, ერთ დღეს, ყველა რომ დაბრუნდება,
ჩვენზე შურის უძიებლად,
აქ - სად, ან როგორ დაეტევიან?! -
გაგვაუქმებენ, დაგვხარჯავენ, აგვაორთქლებენ!..

⚜️მამობა სიზმარში

სიზმარში მამა ვარ ობოლი ბავშვების
და, სიხარულისგან, არ ვიცი რასვშვრები...
ბორბალი ბედისა სიზმარში მოგორდა:
ბიჭუნა სამია, ოთხია გოგოდა
ვიფიქრე: ამ ბავშვებს ვექცევი ბუდედო -
გავუწევ მამობას, გამოვზრდი უდედოდ!
და ცხადი თუ იყო ჩემი გზის მჩაგრავი,
ცხადში თუ ერთიც კი არ მყავდა ნაგრამი,
სიზმარში მამა ვარ შვიდ ობოლ ბალღისდა
ვზრდი ამათ, ნაცემებს ცხოვრების ტალღისგან
და ჯერ არ ვყოფილვარ ასეთი მაგარი...
ცხადში რაც არ მქონდა, სუყველა აქარი
და თუკი მე ცხადში მზეს ვგავდი ჩამავალს,
სიზმარში ობოლი ბავშვების მამავარ!
დიდები - სკოლაში, ბაღში კი ნორჩები
დამყავს და სიცოცხლეს ამათთვის მოვრჩები,
ამოვიწურები, გავქრები გემოზე
და სულს თუ აქამდე ამაოდ ვემოსე,
აქ ახლა ჩავითქვი დავზარდო ესენი,
ამათთვის დავაცხო პიცა და ღვეზელი,
ამათთვის წყალზედაც გავივლი უხიდოდ
და ჩავალ პარიზშიც, ოღონდაც ვუყიდო
შარვლები - ბიჭუნებს, გოგონებს - კოფთები,
ამათთვის ვიცოცხლებ, ამათთვის მოვკვდები,
ამათთვის ვიქნები მშვიდიც და გიჟმაჟიც,
ამათთვის ყველაფერს ჩავიდენ სიზმარში,
არ გამოვიხედავ ცხადისკენ საერთოდ,
ოღონდაც ესენი ბავშვობით გაერთონ...
სიზმარშიც გავუძლებ ყოველგვარ ცვლილებას,
ოღონდაც ესენი გავზარდო შვილებად! -
რა მიგავს ბავშვების გაზრდაში გამოცდილს!
და მაინც სიზმარში მე ამათ გამოვზრდი!
სიზმარშიც მომიხდეს ყველაფრის მტკიცება,
ოღონდაც ნურასდროს ნუ გამეღვიძება!

19/08/2026

🎙 ცნობილი მხატვარი და მწერალი რეზო (ემელიანე) ადამია საკუთარი წიგნის - "ყოველთ აღდგომაა ვეფხისტყაოსანი" შესახებ.

🕛 ქ.თბილისი, 19 აგვისტო, 2026 წელი.

რეზო ადამია Rezo Adamia Резо Адамиа

🗓️ 𝟐𝟏 აგვისტოს, 𝟏𝟖:𝟎𝟎 საათზე, ზუგდიდში, 𝐌𝐞𝐠𝐨𝐛𝐚𝐫-ში გაიმართება შეხვედრა თამარ ჟღენტთან და გიორგი ხულორდავასთან. 🔴 დასავლუ...
19/08/2026

🗓️ 𝟐𝟏 აგვისტოს, 𝟏𝟖:𝟎𝟎 საათზე, ზუგდიდში, 𝐌𝐞𝐠𝐨𝐛𝐚𝐫-ში გაიმართება შეხვედრა თამარ ჟღენტთან და გიორგი ხულორდავასთან.

🔴 დასავლური (ინგლისურენოვანი) და აღმოსავლური (სპარსული) პოეზიის მთარგმნელები ისაუბრებენ ქართულ მთარგმნელობით ტრადიციაზე, პოეტურ თარგმანსა და ცენზურაზე, AI-ის ეპოქის ახალ გამოწვევებზე, ასევე პირად გამოცდილებაზე, როგორ თარგმნეს ამა თუ იმ ავტორის ტექსტები.

🔴 მკითხველი იცნობს თამარ ჟღენტის მიერ თარგმნილ ინგლისურენოვან პოეტებს (ჯონ დონი, ელიზაბეტ ბიშოპი, მაია ენჯელოუ, ჩარლზ ბუკოვსკი, მერი ოლივერი, ქრისტინა როსეტი, ედნა სენტ ვინსენტ მილეი, ქეთრინ მენსფილდი…) და ინგლისურად თარგმნილ ქართული საპროტესტო პოეზიის ნიმუშებს, რომელიც ავტორიტეტულ გამოცემაში – „Versopolis“-ში გამოქვეყნდა. ასევე ზვიად რატიანის „ნეგატივის“ თარგმანს თბილისის ლიტერატურული ფესტივალისთვის, რომელმაც მნიშვნელოვანი გამოხმაურება გამოიწვია.

🔴 გიორგი ხულორდავას მიერ სპარსულიდან თარგმნილი აბდ ორ-რაჰმან ჯამის „ბაჰარესთანი“ 2023 წელს „საბას“ პრემიის გამარჯვებული გახდა „წლის საუკეთესო თარგმანის“ ნომინაციაში. წიგნად და ლიტერატურულ პერიოდიკაში დაბეჭდილი აქვს საადი შირაზელის „ფრაგმენტები ბუსთანიდან“, ჰაფეზის „ყაზალები“, კლასიკური სპარსული პოეზიის სხვა ნიმუშები (ბაბა თაჰერი, აბუ საიდი, ფაროხი, საადი, მასუდ საად სელმანი და სხვ.), თანამედროვე სპარსული პოეზია (ნადერ ნადერფური, ჰამიდ მოსადეყი...), ფერიდუნ თონქაბონის ნოველა, ასევე ლიტერატურული წერილები ქართულ-სპარსული მთარგმნელობითი ურთიერთობების საკითხებზე.

💥 დასწრება თავისუფალია.
📌 მისამართი: ზუგდიდი, იონა მეუნარგიას ქუჩა #12.

გამომცემლობა ინტელექტი

საქართველოს ეროვნულმა ბიბლიოთეკამ, "ქუჯის" მხარდაჭერით გამოსცა ცნობილი მხატვრისა და მწერლის, "ქუჯი 2025"-ის პრემიის ლაურ...
18/08/2026

საქართველოს ეროვნულმა ბიბლიოთეკამ, "ქუჯის" მხარდაჭერით გამოსცა ცნობილი მხატვრისა და მწერლის, "ქუჯი 2025"-ის პრემიის ლაურეატის, რეზო (ემელიანე) ადამიას ახალი წიგნი - "ყოველთ აღდგომაა ვეფხისტყაოსანი".

***
„ვეფხისტყაოსანი“ მხატვრული ინტუიციითა და ფილოსოფიური ხედვით

წინამდებარე წიგნი წარმოადგენს მხატვარ რეზო ადამიას მრავალწლიანი სულიერი, შემოქმედებითი და ინტელექტუალური ძიების ნაყოფს. იგი არ არის მხოლოდ ესეების კრებული ან ცალკეული მხატვრული ჩანაწერების ერთობლიობა. ეს არის ავტორის მცდელობა, ხელოვნების, პოეზიის, რწმენის, კოსმოსისა და ადამიანის სულიერი არსებობის ურთულეს საკითხებს საკუთარი მხატვრული ინტუიციითა და ფილოსოფიური ხედვით მიუახლოვდეს. ამიტომაც მკითხველს თავიდანვე უნდა ახსოვდეს, რომ ამ წიგნის წაკითხვა არ ნიშნავს მხოლოდ ტექსტის გაცნობას – იგი გულისხმობს ავტორის შინაგან სამყაროში მოგზაურობას.

რეზო ადამია ქართულ კულტურულ სივრცეში, უპირველესად, ცნობილია, როგორც გამორჩეული მხატვარი, გრაფიკოსი და ფერმწერი. მისი შემოქმედება მრავალფეროვანი
თემატიკით გამოირჩევა – ისტორიული მეხსიერებიდან თანამედროვე სამყარომდე, ეთნოგრაფიული მოტივებიდან ევროპული კულტურული სივრცის მხატვრულ ინტერპრეტაციამდე.

თუმცა ამ მრავალფეროვნების მიღმა ყოველთვის იკითხება ერთი მისწრაფება – ეროვნული კულტურის, ქართული სულიერებისა და შემოქმედებითი გენიის არსის შეცნობა. სწორედ ამ მისწრაფების გაგრძელებაა მისი ესეისტური მემკვიდრეობაც.
ამ წიგნის მთავარი ღირებულება იმაში მდგომარეობს, რომ ავტორი არ ცდილობს უკვე ჩამოყალიბებული შეხედულებების გამეორებას. იგი მუდმივად სვამს კითხვებს, ეძებს პასუხებს, კამათობს როგორც საკუთარ თავთან, ისე საუკუნეთა განმავლობაში
დამკვიდრებულ წარმოდგენებთან.
მისი ტექსტები ხშირად ასოციაციურია, ზოგჯერ ემოციური ნაკადის ფორმას იღებს, ზოგჯერ კი მედიტატიურ ფიქრად გარდაიქმნება. ამგვარი სტილი განპირობებულია არა ფორმალური
ექსპერიმენტით, არამედ ავტორის შინაგანი განცდით, რომ შემოქმედებითი აზრი ყოველთვის ვერ თავსდება ტრადიციული ლოგიკისა და გრამატიკული წყობის ჩარჩოებში.
წიგნში განსაკუთრებული ადგილი უკავია პოეზიის გენიის თემას.

ავტორისთვის პოეტი მხოლოდ ლექსის ავტორი არ არის; იგი 3ისტორიის მხილველი, ერის სულიერი მეხსიერების მატარებელი და მომავლის წინასწარმგრძნობი შემოქმედია. სწორედ ამიტომ რეზო ადამიას ყურადღების ცენტრში ექცევა ქართული პოეტური აზროვნების მწვერვალი – შოთა რუსთაველი. ავტორი ცდილობს,
არა მხოლოდ განმარტოს „ვეფხისტყაოსნის“ მხატვრული სრულყოფილება, არამედ წარმოაჩინოს ის, როგორც კაცობრიობის სულიერი განვითარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ტექსტი.

ამ ნაშრომში რუსთაველი წარმოდგენილია არა მხოლოდ
როგორც XII საუკუნის გენიალური პოეტი, არამედ როგორც მოაზროვნე, რომლის იდეები საკუთარ ეპოქას უსწრებდა. წიგნის კითხვისას მკითხველი არაერთხელ შეხვდება ისეთ მოსაზრებებს, რომლებიც შესაძლოა განსხვავდებოდეს ტრადიციული ლიტერატურათმცოდნეობითი თუ ისტორიული ინტერპრეტაციებისგან.
სწორედ ეს ქმნის ნაშრომის ერთ-ერთ მთავარ თავისებურებას.

ავტორი არ აცხადებს, რომ მისი ხედვა საბოლოო ჭეშმარიტებაა; პირიქით, იგი მკითხველს თანამონაწილედ აქცევს მუდმივ შემოქმედებით დიალოგში, სადაც მთავარი მიზანი მზა პასუხების
მიღება კი არა, ახალი კითხვების გაჩენაა.

ავტორის ფერწერული ხედვა აშკარად აისახება მის ენასა და აზროვნებაში: ტექსტები ხშირად აგებულია არა თხრობის კლასიკური პრინციპით, არამედ ფერთა, სიმბოლოთა, განცდათა და ასოციაციათა მონაცვლეობით. ამიტომაც ამ წიგნის აღქმა განსაკუთრებულ ყურადღებას, მოთმინებასა და შინაგან თანამონაწილეობას მოითხოვს.
წინამდებარე გამოცემა განკუთვნილია ყველასთვის, ვისაც აინტერესებს ქართული კულტურა, პოეზიის ფილოსოფია, შოთა რუსთაველის შემოქმედების ახალი ინტერპრეტაციები და თავად ავტორის – თანამედროვე ქართველი ხელოვანის სულიერი სამყარო. მკითხველი ამ წიგნში მხოლოდ ავტორის აზრებს კი
არ გაეცნობა, არამედ საკუთარ თავთან დიალოგის სურვილსაც აღმოაჩენს. სწორედ ასეთი დიალოგი იყო და რჩება ყოველი დიდი ხელოვნებისა და ყოველი ჭეშმარიტი წიგნის უმთავრეს დანიშნულებად.

🪄 კონსტანტინე გამსახურდია
ისტორიის დოქტორი, ილია ჭავჭავაძის სახელობის საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი.

რეზო ადამია Rezo Adamia Резо Адамиа
საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა • National Library of Georgia

🔵 ერთი ლექსირა ვუთხრა ანას რა ვუთხრა ანას,რომ შემხვდება, რა ვუთხრა მურმანს,წალეკა-მეთქი ეს ქვეყანა მტრობამ და შურმა?გააპ...
18/08/2026

🔵 ერთი ლექსი

რა ვუთხრა ანას

რა ვუთხრა ანას,
რომ შემხვდება, რა ვუთხრა მურმანს,
წალეკა-მეთქი ეს ქვეყანა მტრობამ და შურმა?
გააპარტახა სული მიწის ოქრომ და ფულმა
და ვირმა, ჯერაც, რა ხილია, ვერ იცნო ხურმა?
რა ვუპასუხო,
მკითხავს, ვიცი, თუ გნებავთ, მუხრანს!
რად ვკვდები-მეთქი მეათასედ,
ასე რად ვწუხვარ,
რატომ ჩაუქრა ცეცხლი, რა ვთქვა,
ძველისძველ ბუხარს,
რად გადაფარა უცხო ჯაგმა თელა და მუხა!
რომ შემომხედავს წარბაწევით,
რა ვუთხრა მუხრანს!
ანდა რა ვუყო, რა უნდა ვქნა,
რა ვუთხრა ანას,
არაქართულად რომ შრიალებს ბაღი და ყანა.
ვისი ჯიშია,
რომ ამატებს სართულს და სართულს,
ქართულ მიწაზე ვინ მიწესებს
ჟამს არაქართულს...
სამშობლოს ჩემსას
სახვალიო ღიმილს ვინ პარავს,-
რომ შემეკითხოს, რას მიბრძანებთ,
რა ვუთხრა ანას!

🪄 ცირა შალაშვილი

გამოცხადებულია "ერთი მეგრულენოვანი ლექსის" კონკურსი ⤵️
18/08/2026

გამოცხადებულია "ერთი მეგრულენოვანი ლექსის" კონკურსი ⤵️

გამოცხადდა! ⤵️

ლიტერატურისა და ხელოვნების საერთაშორისო ასოციაცია "ქუჯი", "მეგრულ-სვანურ-აფხაზური პოეზიის ფესტივალის" ფარგლებში აცხადებს კონკურსს:

ქუჯი 2026. ერთი (მეგრულენოვანი) ლექსის კონკურსი

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ ქართველ მეგრულენოვან ავტორს (გარდა წინა წლის პირველი პრემიის ლაურეატისა);

კონკურსის მიზანია ნიჭიერი ავტორების აღმოჩენა და უძველესი ენის - მეგრული ენისა და პოეზიის პოპულარიზაცია;

მიიღება ერთი ლექსი (ბოლორითმოვანი, კონვენციური, ვერლიბრი, თავისუფალი, თეთრი და სხვ.), გამოვლინდება 5 (ხუთი) ფინალისტი და მათ შორის, ერთი პირველი პრემიის ლაურეატი;

თითოეულ კონკურსანტს შეუძლია გამოგზავნოს ნებისმიერ თემაზე დაწერილი ერთი ლექსი მეგრულ ენაზე. მიიღება ნებისმიერ წლებში დაწერილი მხოლოდ ერთი ლექსი (გარდა ბეჭდურ გამოცემებში გამოქვეყნებულისა). დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში ნაწარმოები და ავტორი მოიხსნება კონკურსიდან. ასევე, ფინალისტების საზეიმო დაჯილდოებაზე დასწრება სავალდებულოა. საპატიო მიზეზად ჩაითვლება ავადმყოფობის ცნობის დოკუმენტის წარმოდგენა, საზღვარგარეთ ყოფნა, ფორს-მაჟორული სიტუაცია. სხვა შემთხვევაში ფინალისტი დატოვებს პროექტს;

მონაწილეობის მსურველმა 2026 წლის 20 სექტემბრის დღის ბოლომდე, ელ.ფოსტაზე - [email protected] - უნდა გამოგზავნოთ საკონკურსო ლექსის ელ. ვერსია. ასევე, მოკლე ბიოგრაფია, მისამართი და ტელეფონის ნომერი;

ჟიური შედგება 5 წევრისაგან. მათი ვინაობა დაჯილდოების ცერემონიალზე გახდება ცნობილი (შემოსული მასალების შეფასებაში ჟიური თავისუფალი და შეუზღუდავია);

კონკურსზე წარმოდგენილ ლექსებს ჟიური აფასებს 10 ბალიანი სისტემით. ლექსები ავტორის მიუთითებლად მიეწოდება ჟიურის თითოეულ წევრს. შეფასებები არ ქვეყნდება და კონკურსის მონაწილეებს არ ეგზავნებათ;

ფინალისტებისათვის დაწესებულია ფულადი საჩუქრები, ხოლო პირველი პრემიის ლაურეატს გადაეცემა დიპლომი, საავტორო სუვენირი და პრემია 1000 (ათასი) ლარის ოდენობით (დღგ-ს ჩათვლით);

"ქუჯი 2026"-ის ფარგლებში, კონკურსგარეშე, იბერიულ (საერთო ქართველური საუნჯე - მეგრული, ლაზური, სვანური, წოვა-თუშური) და კავკასიურ ენებში შეტანილი წვლილისთვის, ასევე, ნაყოფიერი შემოქმედებითი და საზოგადოებრივი მოღვაწეობისთვის, ზვიად გამსახურდიას სახელობის დიპლომი, სპეციალურად დამზადებული მედალი და ფულადი პრემია გადაეცემა ღვაწლმოსილ მოღვაწეს.

პრემია „ქუჯი“ ერთიანი საქართველოსთვის“ კი, ერთ ან რამდენიმე შემოქმედს ქართულ კულტურაში შეტანილი წვლილისთვის.

კონკურსი „ქუჯი“ გაიხსენებს, პატივს მიაგებს და გააშუქებს ცნობილი ქართველი, მეგრულენოვანი აწგარდაცვლილი ავტორების: დანიელ ფიფიას, რინოს კვარაცხელიას, ლაშა გახარიას, გედევან შანავას, ბეჯითი (ბენედიქტე) ჯალაღონიას, კაკა ჟვანიას, პავლე აკობიას, ჰამლეტ ნადარაიას, ალიო ქობალიას, მურთაზ ჩახავას, ზაურ მოლაშხიას, რამაზ კუპრავას, ზურაბ დანელიას, გიორგი სიჭინავას და სხვათა უკვდავ შემოქმედებას.

კონკურსის ორგანიზატორია ა(ა)იპ ლიტერატურისა და ხელოვნების საერთაშორისო ასოციაცია „ქუჯი“. დამფუძნებელ - ორგანიზატორები:
ილია ერქვანია
ნანა კვაშილავა
ბესიკ გვაზავა
დალი ჯორბენაძე.

კონკურსის ,,ერთი მეგრულენოვანი ლექსი" - დაჯილდოების ცერემონია გაიმართება წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქ. ჯვარში, 2026 წლის ოქტომბერში.

კონკურსთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით ნომერზე: 555 12 89 72 (ბესიკ გვაზავა) ან მოგვწერეთ ფეისბუქ გვერდზე: „ქუჯი*kuji“.

🔹️🔹️🔹️

ლიტერატურული ფესტივალი “ქუჯი” გჷმოცხადებულ რე!

ქუჯი 2026. ართი (მარგალურნინამი) ლერსიშ კონკურსი

წ ე ს დ ვ ა ლ ა

კონკურსიშა აკათინე არძა ქორთუ მარგალურნინათ მაჭარალს (ვაკათინე წოხოლენ წანაშ მაართა პრემიაშ ლაურეატეფს);

კონკურსიშ ღანკი რე: ჩხენჭიერი (ნიჭიერი) მაჭარალეფიშ წჷმორჩქინა დო უჯვეშაშ ნინაშ - მარგალურიშ დო მარგალურ პოეზიაშ პოპულარიზება;

ეიჭოფუ ართი ლერსი (ეკონიარითმამი, კონვენციური, ვერლიბრი, დუდშული, ჩე დო შხვა), გაგშიგორუ 5 (ხუთი) გომორძგვილი;

ირი კონკურსანტის მაჯღონინე მუდგა თემაშა ჭარილი ართი ლერსი მარგალური ნინათ. ეპჭოფუნთ მუდგა წანას ჭარილი ხვალე ართი ლერსის (ბეშტელ გიშაშქუმალეფს გობჟინაფილიში გალე). ჩილათეფიშ ძირაფა ბორჯის ნაჭარა დო ავტორი მინწყუმუ კონკურსიშე;

თაშნეშშე ფინალისტეფიშ ოდღახუე ძღვენიშ გინოჩამა ბორჯის ხოლაფა უმკუჯინუო ოხვილურიე. ოპატიებელ ბაძაძო იკოროცხუ ლეხუანობაშ ონტკიცე საბუთიშ მოღალა, შხვა ქიანას რინა დო ფორს- მაჟორული სიტუაცია. თაშ ვეყუდა ფინალისტი ქიდიტენს პროექტის.

კათინიში მაკორინეეფქ 2026 წანაში 20 ეკენიაშ დღაში დალიაშა, ელ.ფოსტაშა [email protected] ოკო ქუმაჯღონათ ოკონკურსე ლერსიში ელ.ვერსია, კუნტა ბიოგრაფია, მიოწურაფუ დო ტელეფონიში ნომერი;

ჟიური 5 მაკათურშე აკმოდირთუ. თინეფიშ მინობა დაჯილდოვებაში ცერემონიალს იჸუაფუ ჩინებული (მიშულირი მასალეფიშ შეფესაფას ჟიური რე დუდშული დო უკუხურგუ);

კონკურსიშა მიშაღალირი ლერსეფს ჟიური აფასენს 10 ბალიანი სისტემათ, ლერსეფი არძას ავტორეფიშ ჯოხო უმუჭარუო მიაჭირინუაფუ. შეფასაფეფი ვეგმიბჟინუაფუ დო კონკურსიში მაკათურეფშა ვეჯღონუ;

გომორძგვილეფშო მერჩქინელი რე ლაურეატიში ჯოხო, სუვენირი დო ძღვინფარა. კონკურსის აჸვენუ 5 ფინალისტი დო ართი გომორძგვილი.

I პრემია - 1000 ლარი;

,,ქუჯი 2026 მარგალური ლერსი"-შ დინახალე, კონკურსგალე, იბერიული (ართოიანი ქორთულური საანჯო - მარგალური, ლაზური, შონური, წოვა-თუშური) დო კავკასიური ნინეფშა მიშაღალირი თიაშ გურშენი, ზვიადი გამსახურდიაში ჯოხოში დიპლომი, სპეციალურო ხაზირელი მენდალი დო ფარა-პრემია გინაჩამუ ბრელი ხანდა გეუჩქუნფერი მოღალეს;

კონკურსი ,,ქუჯი" ქიგიშინანს, პატის ქიგედვანს დო გაბჟინუანს შინელი ქორთუ, მარგალურნინამი ანწი ღურელი მაჭარალეფს:

დანიელ ფიფიას, რინოს კვარაცხელიას, ლაშა გახარიას, გედევან შანავას, ბეჯითი (ბენედიქტე) ჯალაღონიას, კაკა ჟვანიას, პავლე აკობიას, ჰამლეტ ნადარაიას, ალიო ქობალიას, მურთაზ ჩახავას, ზაურ მოლაშხიას, რამაზ კუპრავას, ზურაბ დანელიას, გიორგი სიჭინავას დო შხვეფიშუ უღურალე ნახანდეფს.

კონკურსიშ ორგანიზატორი რე: ა(ა)იპ „ქუჯიშ“ დუმარსხუაფალ - ორგანიზატორეფი:
ილია ერქვანია;
ნანა კვაშილახე;
ბესიკ გვაზავა;
დალი ჯორბენაძე.

კონკურსიში ,,ართი მარგალური ლერსი" - დაჯილდოვებაში ცერემონიალი იჸუაფუ ნ. ჯვარს (წალენჯიხაშ მუნიციპალიტეტი), 2026 წანაშ გიმათუთას.

კონკურსიშე გეძინელი ოკითხეეფქ გოირჩქინდესდა, დემეკონტაქტით: 555 12 89 72 (ბესიკ გვაზავა), ვარდა ქუმობჭარით ჩქინი ფეისბუქ ხასლაშა: „ქუჯი*kuji“.

🪄 "ქუჯის" ადმინისტრაცია.

🟡 მოსაზრება***ჩემს მოსაზრებას ეს ფაქტიც ადასტურებს. საკითხი ეხება პოეტურ დამთხვევებს. ორიგინალზე უკეთეს ვარიანტს თუ შექმ...
17/08/2026

🟡 მოსაზრება

***
ჩემს მოსაზრებას ეს ფაქტიც ადასტურებს. საკითხი ეხება პოეტურ დამთხვევებს. ორიგინალზე უკეთეს ვარიანტს თუ შექმნის პოეტი, გამართლებულია მისი ნებისმიერი ასეთი ქმედება. ბარათაშვილის დროს, თბილისში გავრცელებული იყო ერთი უფერული რუსული რომანსი, რომელსაც მასებში დიდი პოპულარობა ხვდა. ეს რომანსი ალექსანდრე ჭავჭავაძემ თავისი ასულისთვის, ახალდაქვრივებული ნინოსთვის გადმოაქართულა:

,,ფერსა ბნელს, ფერსა შავს
მე ვეტრფი მარადჟამს,
აროდეს ფერსა სხვას
არ ვეტრფი, ვფიცავ ცას".

ერთ დღესაც ამ უფერულ სტროფს თვალს მოკრავს ბარათაშვილი და მისი გავლენით იწერება გენიალური ლექსი, რომელიც ყველამ ვიცით:

,,ცისა ფერს, ლურჯსა ფერს,
პირველად ქმნილსა ფერს
და არ ამ ქვეყნიერს,
სიყრმიდგან ვეტრფოდი".

ამას დავამატოთ რამდენიმე სხვა ნიმუშიც. მაგ ივანე კერესელიძის ,, ჩემო თვალის სინათლევ რაზედ მოგიწყენია", რომელიც შემდეგ ილიამ შედევრად აქცია. გავიხსენოთ ასევე სიკო ფაშალიშვილის მდარე სტრიქონი, როგორ გამოჭედა ტიციან ტაბიძემ: ,,მაშ გამარჯვება ტკბილო სიცოცხლე, ვიქნებით ერთად ჩვენ განუყრელი". ფაშალიშვილის ,, ვიქნებით ერთად" არ ატარებს იმ ენერგიას, რაც აქვს ტიციანისეულ ,, დავრჩებით"-ს. ეს არის სწორედ ბგერათა ვიბრაცია, რომელიც სხვა ძალით მუხტავს სტრიქონს. მეტი გრძნობა და ემოცია იყრის მასში თავს, რადგან სიტყვა უზუსტესად არის შერჩეული.ასეთ უზუსტეს სიტყვებს პოეტები შეიძლება 10 და 20 წელიც ეძებდნენ.მსგავსი შემთხვევა გვაქვს ლადოსა და ხალხურ ფოლკლორთან მიმართებით: ,, ოსო გუდუნით ნაზარდო, შენ იმერელო ღომითა, საწყალო არაგვის კაცო, გაუმაძღარო ომითა." ლადო - ,,ჰეი, თქვე არაგველებო , გაუმაძღარნო ომითა".შორისდებულის დართვამ და ნართანიანი მრავლობითში ჩასმამ, ეს სტრიქონი ,,ოქროჭედურობის ნიმუშად" აქცია. ესაა ხელოვნება, ესაა პოეტების აბსოლუტური, უნაკლო სმენა, რითაც ისინი აღემატებიან უბრალო მოლექსეებს,,ხალხურ მთქმელებს." რა თქმა უნდა, დიდი პოეტების ეს უნარი, თავისთავად თვითნაბადი ფენომენია.

🪄 ზაალ ჯალაღონია
ლიტერატორი, პოეტი

ზაალ ჯალაღონიას შემოქმედება

Address

თავისუფლების ქ. N2
Tbilisi
1051

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ქუჯი • KUJI posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share