21/07/2025
გარდაიცვალა ფესტივალ ჟიურის წევრი, ყველაზე ერთგული და გულმხურვალე გულშემატკივარი ქალბატონი Manana Kordzaia
#გვახსოვდეს & #მოიხსენეთ საუკუნოდ იყოს ხსენება მისი 🙏
ბათუმის საყმაწვლო, სასკოლო თეატრალური დასების მეორე ფესტივალი
„პირველი ავტოგრაფი“
მინდა მივულოცო ამ ფესტივალის დამფუძნებელს მიხეილ გაბაიძეს, სამხატვრო ხელმძღვანელს პეტრე ჩარგეიშვილს, ყველა მონაწილე დასსა და მის თვითეულ წევრს, მთელი „ზემო თუ ქვემო“ აჭარის სკოლების პედაგოგებსა და ხელმძღვანელებს, ორგანიზატორთა ამქარს ამ ახალგაზრდული ზეიმის მაღალ დონეზე ჩატარება.
ამგვარი ფესტივალები მნიშვნელოვან მოვლენად მიმაჩნია, რადგან ემსახურება ჩვენი ახალგაზრდობის მრავალმხრივ განათლება - განვითარებას, კონტაქტს მხატვრულ- ნაწარმოებთან, მუსიკასთან, პლასტიკასთან, მეტყველების კულტურის დახვეწას და მეტაფორული აზროვნების განვითარებას, სხვისი გამარჯვების აღიარების მზაობას და არა „მტრის ხატის“ შექმნას. ეს კეთილგანწყობა იყო საფუძველი იმ საოცრად მშვიდად დამუხტული ატმოსფეროსი, ერთი კვირის მანძილზე რომ ტრიალებდა ბათუმში. ამას ემატებოდა ის ენთუზიაზმიც, რომელიც იგრძნობოდა როგორც შემსრულებელთა, ისე მაყურებელთა მხრიდან - ადვილი ხომ არ იყო ისეთი ჟიურის „მოხიბლვა“, როგორც რეჟისორი და მსახიობი გოგა პიპინაშვილი, მწერალი დათო ტურაშვილია და თქვენი მონა-მორჩილი.
ბევრი ნომინაცია იყო, ბევრი პრიზი დარიგდა, ყველა სკოლას ჰქონდა თავისი „კოზირი“. და მაინც გამოჩდნენ რჩეულები....
რომ არა ფესტივალის წესდება (შეზღუდული დრო, მაქსიმუმ 40-50 წუთი), გამარჯვებული უდაოდ გამოვიდოდა ბათუმის პირველი საჯაო სკოლის დასი, რომელმაც ახალგაზრდა დრამატურგის ტარიელ კიკვაძის პიესა წარმოადგინა „საკლასო ოთახი წიგნის გარეშე“. მასში ჩართული იყო მულტიმედიური გამოსახულებანი - ცოცხალი დიალოგები ეკრანულ გამოსახულებასთან, რასაც ოსტატურად გაართვეს თავი პატარებმა. არა და რთულია, ზუსტად ჩასვა დროში ცოცხალი მეტყველება ფიქსირებულ ეკრანთან. (ერთი აცდენაც არ ყოფილა); ასევე ოსტატურად გადადიოდნენ პატარა არტისტები რეალური სამყაროდან ფანტასმაგორიულში, ირეალურში. სპექტაკლი, თავისი ესთეტიკით, სრულიად თანამედროვე თეატრი გახლდათ ფერადოვანი კოსტუმებით და ლაკონურად გამოყენებული საკმაოდ რთულად გააზრებული სცენური სივრცით. მაგრამ ფესტივალის დებულება მაქსიმუმ 40-50 წუთს ითხოვდა, სპექტაკლი კი თითქმის 2 საათს გაგრძელდა. ამიტომ ვერ მოხვდა ნომინაციებში. თუმც ასეთი შრომის დაუფასებლობაც არ შეიძლებოდა და ჟიურის გადაწყვეტილებით კი არ მოიხსნა, არამედ დაემატა ნომინაცია „საუკეთესო დასი“, რომლის მფლობელიც ეს კოლექტვი გახდა.
სხვა სკოლებმა კი საინტერესოდ, მხატვრულ დონეზე წარმოადგინეს ქართული დრამატურგიული კლასიკა - დავით კლდიაშვილი, ვაჟა ფშაველა, გიორგი ერისთავი, ნოდარ დუმბაძე, გურამ პეტრიაშვილი, არც უცხოური გამორჩენიათ - ჯეკ ლონდონი, ანტუან დე სენტ ეგზიუპერი და სოფლებში გაგონილი ამბებიც.
მაღალმთიანი აჭარის სოფელ ხიხაძირის მოსწავლეებმა სწორედ ასეთ ამბავზე აგებული 15 წუთიანი მინიატურა -„აჭარელი მოხუცები“ წარმოადგინეს და მოპოვეს ფესტივალის გამარჯვებულის წოდება. ამ მინიატურაში არც მულტიმედია იყო ჩართული, არც რეჟისორული დიდი მიგნებებით გამოირჩეოდა, რადგან თვითონ იყვნენ პიესის ავტორებიც, რეჟისორებიც და შემსრულებლებიც, მუსიკაც ცოცხალი იყო, ფოლკლორული ამ სამი „მოხუცის“ ცოცხალი შესრულებით. მაგრამ სწორედ მათ არგუნა ჟიურიმ გამარჯვებულის ტიტული. ასეთმა გადაწყვეტილებამ გაოცებაც კი გამოიწვია. ამიტომაც მე, როგორც ამ წარმოდგენის თაყვანისმცემელმა, მინდა ყველას, ვისაც კითხვები გაუჩნდა, ვუთხრა გამარჯვების მიზეზები:
1. ამბის საფუძველში საოცარი ჰუმანური საწყისი იყო ჩადებული - ყველა წამალზე და სამედიცინო დახმარებაზე უპირატესი ადამიანური სითბო და ურთიერთობაა.
2. მათ ამ მცირე დროში მოახერხეს ძველ და ახალ ეპოქათა კავშირის ჩვენება სულ პატარა, თითქოს უმნიშვნელო დეტალებით, რომლებიც არა ფორმალურ, არამედ მყარ დრამატურგიას დაეფუძნა და განვითარების ერთიანი, მეტყველი ხაზი დაბადა;
3. მუსიკა, რომელიც ამ ხაზის ხმოვან გამოხატულებად იქცა.
ეს ამბავი კი ასეთია: დაუძლურებულ მოხუცთან მოდის ორი უფრო მხნე მოხუცი. მეგობრების ხათრით მასპინძელი აიძულებს თავს ადგეს და ტრადიციულად სასმელიც მიართვას, ძველ ამბებს იგონებენ, საიდანაც ჩანს, რომ ეს დაუძლურებული მოხუცი სოფელში განთქმული მოცეკვავე ყოფილა. მოხუცი ჯერ ძლივს მოძრაობს, ძლივს ლაპარაკობს; და მეტამორფოზა: მოგონებების ფონზე მოხუცი ნელ-ნელა გამოცოცხლდება და მეგობრებთან ერთად მომაჯადოებელ სიმღერასა და როკვას იწყებენ (საოცრად იმღერეს და იცეკვეს „მოხუცმა“ ბავშვებმა). ცალკე უნდა აღინშნოს მათ მეტყველება - დახვეწლი ქართული ლექსიკა. და მოულოდნელი ფინალი: მოდის შვილი, რომელსაც მამასთან მოჰყავს ექიმი. ამ სურათის შემხედვარე ექიმი იტყვის - აბა აქ რა მესაქმებაო და...
აი ასე მარტივად გვითხრეს ბავშვებმა - ადამიანს ადამიანური ურთიერთობები შველის ყველაზე მეტად!
დროთა კავშირის ნიუანსებზე მოგახსენეთ - მოხუცს ძველმოდური, მაგრამ მობილურიც აქვს, რადიო-ტელევიზიის არსებობაც იცის, მაგრამ ეს მისი ცხოვრება არაა, ეს „ატრიბუტიკაა“, რომელიც ბოლომდე ვერ გაითავისა. ასევე ვითარდება მუსიკალური მხარეც: დასაწყისი ჩვეულებრივი პოპმუსიკაა, რომელიც სულ ჟღერს რადიო-ტელევიზიიდან. თავიდან ვერც კი ხვდები, რა ფუნქცია აქვს ასეთ დასაწყისს ამგვარ გარემოში და უბრალოდ დასაწყისისთვის მოხმობილი გგონია. მერე, როდესაც მოხუცები გახელდებიან და იწყებენ მათთვის ბუნებრივ სიმღერას და ცეკვას, გრძნობ, რომ ასეთი დასაწყისიც კონტრასტისთვის გააკეთეს, სწორედ დროთა დაპირისპირებისათვის. ამ საწყის მუსიკას იგივე ფუნქცია აქვს, რაც მობილურს - უბრალოდ არის მასთან, მაგრამ მის გარეშე.
აი, ამდენი რამე ჩატიეს ბავშვებმა თავიანთ მინიატურაში, სრულიად ქვეცნობერად, ლაკონურად, 15 წუთში, უფროსების ჩარევის გარეშე. დაგვაფქრეს და თეატრალური ოსტატობაც გამოამჟღავნეს.
მე, პირადად, ისეთ შეგრძნება მქონდა, რომ თვალნათლვ ვიხლე, როგორ იქმნება ფოლკლორი.
კიდევ ერთხელ გილოცავთ!
თქვენი მანანა კორძაია