20/07/2025
15/07/2025- ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში საზეიმოდ დაიხურა ნოდარ დუმბაძის სახელობის V საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი, რომელმაც წელს დაფუძნებიდან მეათე საიუბილეო წელი აღნიშნა.
საზეიმო დახურვის ცერემონიამდე მცირე სცენაზე მაყურებელმა იხილა ოზურგეთისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრების ერთობლივი სპექტაკლი „ოჰ, ღმერთო“ (რეჟისორი - დიმიტრი ხვთისიაშვილი).
ღონისძიების დაწყებამდე სტუმრებმა პატივი მიაგეს 14 ივლისს თბილისში, სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი შემთხვევის შედეგად გარდაცვლილთა ხსოვნას.
ფესტივალის დახურვის ცერემონიაზე იმყოფებოდნენ საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილე გიორგი მირცხულავა, კულტურის განვითარებისა და ხელშეწყობის დეპარტამენტის უფროსი თათა სვანიძე და კულტურის განვითარებისა და ხელშეწყობის დეპარტამენტის თეატრალური, კინო- და სახვითი ხელოვნების სამმართველოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ნუცა კობაიძე, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს ფესტივალის დაჯილდოების ცერემონიალში, ფესტივალის საზეიმო დახურვაზე ასევე იმყოფებოდნენ ნოდარ დუმბაძის ქალიშვილი ქეთი დუმბაძე, ფესტივალის სპონსორები, თეატრალური სფეროს წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები.
გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ 12 ნომინაციაში, რომლებიც ქართველმა და უცხოელმა ჟიურის წევრებმა გამოავლინეს
ესენია:
გრან-პრი / საუკეთესო სპექტაკლი
„სამანიშვილის დედინაცვალი“, რეჟისორი გიორგი კაშია, ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრი, რომელსაც ფესტივალის ოქროს სპონსორის, „სმარტ კაპიტალ ჯგუფის“ მიერ დაწესებული ფულადი პრემია - 10 000 ლარი გადაეცა.
საუკეთესო რეჟისორი
გიორგი სიხარულიძე, „სტუმარ-მასპინძელი“, დმანისის ზინაიდა კვერნაჩხილაძის სახელობის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრი
ქართული პროზის საუკეთესო ინტერპრეტაციისთვის
„მსხვერპლი“, ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრი, რეჟისორი საბა ასლამაზიშვილი
უცხოური თეატრის მიერ ქართული პროზის საუკეთესო
ინტერპრეტაციისთვის
„სისხლის კვანძი“ - ბეერ-შევას ფრინჯ თეატრი/ ისრაელი
რეჟისორი იოავ მიქაელი
უცხოური თეატრის მიერ ნოდარ დუმბაძის ნაწარმოების საუკეთესო ინტერპრეტაციისთვის
„ძაღლი“ - აღმოსავლეთ ყაზახეთის რეგიონული დრამისა და ოპერეტას სახელმწიფო თეატრი/ ყაზახეთი
რეჟისორი აბაი დაულეტული
საუკეთესო კოპროდუქცია
„კუკარაჩა“ - განჯის ეროვნული დრამატული თეატრისა (აზერბაიჯანი) და ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის სახელმწიფო პროფესიული
დრამატული თეატრი (საქართველო)
საუკეთესო მსახიობი (კაცი)
გოგი გუგუჩია - პლატონ სამანიშვილის როლის შესრულებისთვის სპექტაკლში „სამანიშვილის დედინაცვალი“, რეჟისორი გიორგი კაშია, შალვა
დადიანის სახელობის ზუგდიდის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრი
საუკეთესო მსახიობი (ქალი)
ანა შარია - აღაზას როლის შესრულებისთვის სპექტაკლში „სტუმარ - მასპინძელი“, რეჟისორი გიორგი სიხარულიძე, დმანისის ზინაიდა კვერენჩხილაძის სახელობის სახელმწიფო პროფესიული დრამატული
თეატრი
პერსონაჟის საუკეთესო განსახიერება
ნიკუშა ხრიკული - ლამბალოს როლის განსახიერებისთვის სპექტაკლში „ლამბალო და ყაშა“, რეჟისორი დიმიტრი ხვთისიაშვილი, ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო პროფესიული თეატრი
პერსონაჟის საუკეთესო განსახიერება
მარინა დარასელია - ელენეს როლის განსახიერებისთვის სპექტაკლში „სამანიშვილის დედინაცვალი“, რეჟისორი გიორგი კაშია, ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრი
საუკეთესო სცენოგრაფია
ლომგულ მურუსიძე, „კაცია-ადამიანი?!“, სენაკის აკაკი ხორავას სახელობის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრი
საუკეთესო მუსიკა
კონსტანტინე ეჯიბაშვილი - „მსხვერპლი“, ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრი
ღონისძიებაზე წაიკითხეს საქართველოს კულტურის მინისტრის, თინათინ რუხაძის, მიმართვა ფესტივალის ორგანიზატორებისა და გამარჯვებულებისადმი. მაყურებელმა ეკრანზე იხილა სხვადასხვა დროს გამართული ფესტივალის ფრაგმენტები.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სიმღერისა და ცეკვის ადგილობრივი ანსამბლები და ათენის კულტურის ცენტრ „კავკასიასთან” არსებული ანსამბლი.
წლევანდელი ფესტივალი განსაკუთრებულად მრავალფეროვანი პროგრამით, ქართული მწერლობის შთამბეჭდავი ნიმუშებით იყო გამორჩეული. 10 დღის მანძილზე ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამ სივრცეში, ასევე ჩოხატაურის კულტურის სასახლეში ჯამში ექვსი უცხოური და 15 ქართული თეატრი 21 სპექტაკლით წარდგა. მაყურებელმა იხილა ნოდარ დუმბაძისა და სხვა ქართველი კლასიკოსი მწერლების პროზაული ნაწარმოებების მიხედვით შექმნილი სპექტაკლები, სლოგანით „ნოდარ დუმბაძე - ქართული მწერლობა“. ფესტივალში პირველად მონაწილეობდნენ ისრაელისა და საბერძნეთის წარმომადგენლები, ასევე, დასები აზერბაიჯანიდან, ესპანეთიდან, უზბეკეთიდან, ყაზახეთიდან. მონაწილე თეატრებს გადაეცათ დიპლომები, ფესტივალის სპეციალური სიმბოლოები და საჩუქრები სპონსორებისგან.
კულტურის სამინისტროსა და საქართველოს მწერალთა სახლის ერთობლივი პროექტის ,, ქართული მწერლობა თეატრის სცენაზე” ფარგლებში, უცხოური თეატრების წარმომადგენლებს გადაეცათ სინოფსისები, რაც ქართული მწერლობის მეტად პოპულარიზაციასა და მეტი სპექტაკლის დადგმის შესაძლებლობაა.
ფესტივალი საქართველოს კულტურის სამინისტროს, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების მერიებისა და ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მიერ დაფუძნდა. მისი პრეზიდენტი და სამხატვრო ხელმზრვანელია ოზურგეთის თეატრის ხელმძღვანელია, ვასო ჩიგოგიძე.
ფესტივალი ორ წელიწადში ერთხელ იმართება და მისი მიზანია ქართული თანამედროვე და კლასიკური მწერლობის პოპულარიზაცია, პროზაული ნაწარმოებების (რომანი, მოთხრობა, ნოველა) ინსცენირების ტრადიციების განვითარების ხელშეწყობა, ნოდარ დუმბაძის სახელის უკვდავყოფა და რეგიონში კულტურული ცხოვრების გამოცოცხლება.
ნოდარ დუმბაძის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი ულოცავს გამარჯვებულებს და უსურვებს მათ შემდგომ წარმატებებს!